დავით ზალკალიანი ევროპისა და აშშ-ის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ლონდონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპისა და აშშ-ის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრ კრისტოფერ პინჩერთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები მიესალმნენ ლონდონის ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას ლონდონში და მის ჩართულობას მაღალი დონის შეხვედრებში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას, რომელიც ნატო-ს ღირებული და სანდო პარტნიორია. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების მნიშვნელობას, რომელიც ძალაში ბრექსიტის ამოქმედების შემდეგ შევა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა სტრატეგიული მიმართულებით და იმის დასტურია, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის საქართველო რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად.
დავით ზალკალიანმა სახელმწიფო მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოვლენების ბოლო განვითარებებზე, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ფორმატში მწვავედ დასვან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების საკითხი.
ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, დადებითად შეაფასა საქართველოს პრიორიტეტები და წარმატება უსურვა ქვეყანას ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში.