დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის, რიკ დემსის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა მისი შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე, მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხში საერთაშორისო პარტნიორების მნიშვნელოვან მხარდაჭერასა და ჩართულობას. მან აქვე ხაზი გაუსვა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო პატიმრობაში კვლავაც მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობასა და ამ მხრივ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თაობაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშებისა და გადაწყვეტილების – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ამ კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ნდობის აღდგენის პროცესში გაწეული ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. აქვე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მისიების შესვლის აუცილებლობას.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს წარმატებული თავმჯდომარეობის შედეგებს. მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ვითარება და დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა არჩევნებზე მაქსიმალური რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზების მნიშვნელობას. საუბრის დასასრულს, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გამოხატა საქართველოსადმი, მათ შორის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა და მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მათ შორის თბილი მასპინძლობისა და შეხვედრისთვის.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.