დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, პირველად აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ტერმინი ოკუპაცია
სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რადგანაც პირველად აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ტერმინი ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„მთავარი პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ საქართველოს საკითხის, კერძოდ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის აქტუალიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაცია. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება. კერძოს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. 2014 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ჩვენ ამ ორგანიზაციის ფარგლებში ვიღებთ გადაწყვეტილებებს და აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გადაწყვეტილება არის განსაკუთრებული და უპრეცედენტო, რადგანაც პირველად აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინი, როგორიც არის ოკუპაცია.
გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რომ მინისტრთა კომიტეტი ასევე მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო პასუხისმგებელია საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე, კერძოდ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, წამებაში, არასათანადო მოპყრობასა და უკანონო დაკავებაში, ქართველების სახლების ძარცვასა და დაწვაში, ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით არაადამიანურ მოპყრობაში, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში. როგორც ხედავთ, ძალიან მკაცრი შეფასებებია და ასეთი მკაცრი შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში იშვიათია, რომ მოიძებნოს. მინდა, კიდევ ერთხელ, ჩემი მადლიერება გამოვხატო ორგანიზაციის ყველა წევრის მიმართ, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ზალკალიანმა.
ზალკალიანის თქმით, მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება.
„გარდა ამისა, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების დაცვა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, რაზეც გადაწყვეტილებაში არის დეტალურად საუბარი.
უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრთა კომიტეტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს საოკუპაციო ძალების მხრიდან ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გამო და მისთვის 12 წელზე მეტი ვადით უკანონო მისჯის გამო. მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული ყველა უკანონოდ დაკავება. ასევე განსაკუთრებული შეშფოთება არის გამოთქმული საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებზე, დაუსჯელობის გამო და პირდაპირი მოწოდებაა რუსეთისადმი, მოხსნას ყოველგვარი დაბრკოლება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში.
კიდევ ერთი ელემენტი, რომელზეც ამ გადაწყვეტილებაში არის საუბარი, არის მოწოდება დაუყოვნებლივ გაიხსნას ე.წ. დაბლოკილი გადასასვლელები და ხალხს მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება“,- განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებაში ასევე ხაზგასმულია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მნიშვნელობის შესახებ და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, დააწესოს შემზღუდავი ზომები ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ.
„ამას მიესალმება და ასევე, ეს იქნება კარგი საფუძველი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც მოხდეს გამოხმაურება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
არის ასევე მოწოდება, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
როგორც ხედავთ, ძალიან მკაცრი შეფასებებია. უპრეცედენტოც, შეიძლება ითქვას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მინდა, კიდევ ერთხელ ჩემი მადლიერება გამოვხატო ყველა წევრი ქვეყნის მიმართ, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვენი დიპლომატიური საქმიანობის მნიშვნელოვანი წარმატება, ყველა იმ დიპლომატიის მისიის და განსაკუთრებით, სტრასბურგში ჩვენი მისიის წარმატებული საქმიანობის შედეგი, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ახორციელებს ჩვენი დიპლომატიური სამსახური“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.