დავით ზალკალიანი - ევროკომისრის ჩამოსვლა 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს მიანიშნებს, რომ ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენთან ურთიერთობის განვითარებას
საქართველოში ევროკომისრის ჩამოსვლა ზუსტად 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს მიანიშნებს, რომ ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენთან ურთიერთობის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს ევროპეიზაციის პროცესის შეუქცევადობა დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან და იმასთან, რამდენად თანმიმდევურლია ქვეყანა დასახული ამოცანის განხორციელების მიმართულებით, რაც უკავშირდება რეფორმების განხორციელებას და ასევე თავსებადობას ევროკავშირთან.
„ჩვენი მთავარი საინტეგრაციო მექანიზმი ევროკავშირთან ურთიერთობის, არის ასოცირების შეთანხმება. ასოცირების შეთანხმება არის ყოვლისმომცველი, სადაც არამხოლოდ ეკონომიკურ ურთიერთობაზეა საუბარი, არამედ ბევრ მიმართულებაზეა, აქ არის დემოკრატიზაცია, მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და ასე შემდეგ. ევროკავშირი ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებას. ეს ჩემი შეფასება არ არის, ეს არის ის, რასაც ჩვენ ევროპელი პარტნიორების მხრიდან ვისმენთ და ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ამ პაკეტს ისინი არ წარმოადგენდნენ. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილი და დასტური, რომ საქართველო სწორ გზაზეა. ამ პროცესიდან გადახვევა წარმოუდგენლად მიმაჩნია და არც კი ვუშვებ ამის შესაძლებლობას, ამის გარანტორი არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ასრულებს ვალდებულებას, რა ვალდებულებაც ჩვენ ავიღეთ 2014 წელს ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით. ეს ჩვენი, ამ ხელისუფლების ვალდებულებაა, პასუხისმგებელი ვართ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისა და ევროკავშირის მიმართ, ამ ვალდებულებას ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.