დავით ზალკალიანი - ევროკომისიის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ხელისუფლების ძალისხმევას და გამოთქვა იმედი, რომ ეს შეუქცევადი იქნება
დავით ზალკალიანი - ევროკომისიის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ხელისუფლების ძალისხმევას და გამოთქვა იმედი, რომ ეს შეუქცევადი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა საქართვლეოში მიმდინარე რეფორმების თაობაზეც ისაუბრეს.

კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ პროცესებზე, რომლებიც ეკონომიკის რეფორმირების თვალსაზრისით მიმდინარეობს, ასევე ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ რეფორმებზე.

ზალკლიანის განმარტებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, აღნიშნული პროცესი მომავალშიც შეუქცევადი იქნება.

„პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს ეკონომიკის რეფორმირების თვალსაზრისით და ასევე პოლიტიკურ რეფორმებზე. ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ იგივე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტმა მისცა უაღრესად მაღალი შეფასება და გამოითქვა იმედი, რომ ეს პროცესი მომავალშიც იქნება შეუქცევადი“ , – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, საუბარი შეეხო ასოცირების დღის წესრიგის იმპლემნტაციასა და იმ შესაძლებლობებს, რომელიც პანმდემიის პირობებში საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში ჩნდება.

„ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრმა ასევე დეტალურად ისაუბრა ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციაზე, იმ წარმატებულ დღის წესრიგზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან, ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც აღნიშნული შეთანხმება აჩენს. ამ თვალსაზრისით აღინიშნა შავი ზღვის არეალში და რეგიონში თანამშრომლობა, ის არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც აკავშირებს საქარველოს ევროკავშირთან და ასევე პანდემიის კონტექსტში ის შესაძლებლობები, რომელსაც კრიზისი აჩენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში“ , – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.