დავით ზალკალიანი - ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებს ვალდებულებების შესრულებას და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიში არის სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი აღიარება.
მისი თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით აგრძელებს აღებული ვალდებულების შესრულებას და საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას – ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება.
„ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული მოქალაქეების უკანონო მიგრაციის და ასევე, დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთისთვის. ასევე ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მოხვდა ნაყოფიერი თანამშრომლობა „ფონტექსთან”, ასევე წარმატებულია საქართველოს თანამშრომლობა ევროპოლთან, ასევე პოზიტიურად არის შეფასებული პოლიციის ატაშეების ქსელის ზრდა ევროკავშირი-შენგენის ქვეყნებში. რაც ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ევროკომისია უაღრესად დადებითად აფასებს „კოვიდ-19“-ის კრიზისის ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ქმედით ღონისძიებებს, მათ შორის საზღვრის ჩაკეტვასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და აღნიშნულია, რომ 13 000 მოქალაქეზე მეტი დაბრუნდა ორგანიზებულად და ეტაპობრივად სამშობლოში“, – განაცხადა ზალკალიანმა.