დავით ზალკალიანი - ევროკომისიასთან უპრეცედენტო ფორმატის შეხვედრა საქართველოს მთავრობის რეფორმების კურსის უდიდესი აღიარებაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ბრიუსელში, 2018 წლის 21 ნოემბერს საქართველოსა და ევროკომისიას შორის გამართული მაღალი დონის პირველი შეხვედრა თავისი შინაარსით უნიკალური და უპრეცედენტოა. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
დავით ზალკალიანის თქმით, მსგავსი ფორმატი ევროკავშირს არც ერთ სხვა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანასთან არ გააჩნია.
„ეს უბრალოდ არ ხდება. ეს არის დიდი აღიარება იმ რეფორმების კურსის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ყველა მიმართულებით ატარებს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით“ – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, ევროკავშირს მსგავსი ფორმატების მინიჭების მკაცრი კრიტერიუმები აქვს და სწორედ იმ კრიტერიუმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელშესახები შედეგები გააჩნია ყველა მიმართულებით, მიღებულ იქნა უპრეცედენტო განცხადება.
„მე ვიტყოდი, რომ ეს ისტორიული მოვლენაა და თავისი მნიშვნელობით, ფაქტობრივად, უტოლდება ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის შემოღებას“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ზალკალიანის თქმით, საქართველოს დელეგაციას საგნობრივი და შინაარსიანი მოლაპარაკებები ჰქონდა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, როგორც ევროკომისიის, ისე ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან. შეხვედრას ესწრებოდა 12 ევროკომისარი, რაც უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია.
როგორც მინისტრმა ინტერვიუში განაცხადა, შეხვედრა სერიოზული შედეგებით დასრულდა, კერძოდ, ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომელთა ფარგლებშიც საქართველო 231 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
მისი თქმით, მკაფიოდ განისაზღვრა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც აღნიშნული თანხები განაწილდება, კერძოდ, ენერგოეფექტიანობა, მაკროეკონომიკური განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე სამმილიარდნახევრიანი ევროს ღირებულების ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელთა ფარგლებშიც, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით 18 პრიორიტეტული სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი დაფინანსდება. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ასევე გონივრული სპეციალიზაციის კუთხით რეგიონების განვითარების თვალსაზრისით, რომ საქართველოს რეგიონების განვითარება იყოს თავსებადი ევროკავშირის რეგიონების განვითარებასთან.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ყველა ზემოაღნიშნული ნაბიჯი საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასა და საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.