დავით ზალკალიანი - ევროკომისარი კიდევ ერთხელ დავარწმუნე, რომ ხელისუფლება თანმიმდევრული იქნება იმ ვალდებულებებთან მიმართებით, რაც 19 აპრილის შეთანხმებით გვაქვს აღებული
ევროკომისარი კიდევ ერთხელ დავარწმუნე, რომ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრული იქნება იმ ვალდებულებებთან მიმართებით, რაც 19 აპრილის შეთანხმებით გვაქვს აღებული, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციას, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმას.
„ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, მათ შორის 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციაზე. ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორი დაინტერესებულია და მოუწოდებს მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი, რომ ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას. გარდა ამისა, დღეს ვისაუბრეთ იმ მიმართულებებზე, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილია. ბუნებრივია, საუბარი გვქონდა მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაზე. ევროკომისარი კიდევ ერთხელ დავარწმუნე, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება თანმიმდევრული იმ ვალდებულებთან მიმართებაში, რაც გვაქვს აღებული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებით და არამარტო. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერამდე, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით ნაბიჯების გადადგმა და პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. იცით, რომ ამ შეთანხმების შედეგად, პროცესი 2022 წელს საბოლოოდ უნდა დასრულდეს და ჩვენ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ რეფორმებს, რადგან მართლმსაჯულების რეფორმა, ისევე როგორც საარჩევნო რეფორმა, სერიოზული პროგრესია და გათვალისწინებულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოდიოდა ეუთო/ოდირის მხრიდან და ვენეციის კომისიისგან. დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემა არის მნიშვნელოვანი და შემადგენელი ნაწილი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის“, – განაცხადა ზალკალიანმა.