დავით ზალკალიანი - ევროკავშირთან ასოცირება საკმარისი არ არის, გვინდა უფრო აქტიური სვლა წევრობისკენ
დავით ზალკალიანი - ევროკავშირთან ასოცირება საკმარისი არ არის, გვინდა უფრო აქტიური სვლა წევრობისკენ

ბათუმში დაგეგმილი ევროპული კონფერენცია წელს არის განსაკუთრებული, რადგან საქართველო მასპინძლობს უპრეცედენტოდ ბევრ და მაღალი დონის სტუმარს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ფაქტი, რომ კონფერენციას გახსნის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, მიანიშნებს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნულ კონფერენციას ევროკავშირი.

„კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ევროპის და აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩვენი სტუმარი იქნება ასევე ევროკავშირის კომისარი. გვეყოლება ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, კომიტეტის თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერები, ევროპარლამენტის წარმომადგენლები, ანალიტიკური ცენტრების და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, 10 წლის განმავლობაში საქართველომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა, როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიული განვითარების კუთხით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის თავსებადობის გაძლიერებით ევროკავშირთან.

„მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები დავდეთ ქვეყანამ. ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო მიმოსვლა და გადაადგილება, ვართ ევროკავშირის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანებული. ევროკავშირმა სპეციალურად საქართველოსთვის შექმნა განსხვავებული, ახალი ფორმატები, უსაფრთხოების დიალოგი, უმაღლესი დონის თანამშრომლობის ფორმატი ევროკავშირის კომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელიც 2018 წლის 21 ნოემბერს ჩატარდა ბრიუსელში. გვაქვს საგზაო რუკა, რომელიც არის ჩვენი საშინაო სამოქმედო დოკუმენტი. ეს არის ამბიციური განაცხადი, რომ ჩვენთვის ასოცირება არ არის საკმარისი, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა, გვინდა უფრო აქტიური სვლა ევროკავშირის წევრობისკენ“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, სწორედ ეს არის საქართველოს ამბიციური განაცხადი კონფერენციაზე, როგორი უნდა იყოს საქართველო 2020 წლის შემდეგ, რა ახალი მიზნები უნდა დაისახოს.

„ჩვენი საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, არის ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიზნის მისაღწევად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა იყოს ფუნქციურად მომზადებული, რაც შეიძლება, მეტი სექტორული თანამშრომლობა, მეტი თანამშრომლობა ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამასა და სააგენტოში, მონაწილეობა ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატში, ეკონომიკური თანამშრომლობა, განვითარება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის, შავი ზღვის დამაკავშირებელი ფაქტორის გამოყენება. აღნიშნულ საკითხებს ძალიან აქტიურად დავაყენებთ კონფერენციაზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინაშე განსახილველად, ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებთან ერთად“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მხრიდან ევროკავშირისთვის.

„ასევე, მოვისმენთ პარტნიორების შეფასებებს, რომლებიც საკმაოდ მაღალია და ეს ახალი არ არის. ჩვენ ძალიან ხშირად გაგვიგონია, რომ საქართველო არის ლიდერი წამყვანი ქვეყანა „აღმოსავლეთ პარტნიორ“ წევრ ქვეყნებს შორის” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

11-12 ივლისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.