დავით ზალკალიანი - ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის წევრს, საქართველოზე მომხსენებელს ანდრეს მამიკინსს შეხვდა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის წევრს 14 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ“ გამო, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ოკუპაციას გმობს და ასევე, ევროკავშირსა და მის წევრ-სახელმწიფოებს მოუწოდებს, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მითითებულ პირებს სანქციები დაუწესონ.
„საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, საქართველოს მთავრობის კონსტრუქციული ნაბიჯებისა და სამშვიდობო ინიციატივების პასუხად, ოფიციალური მოსკოვი განაგრძობს უკანონო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიისკენ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტის წევრს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო რეაგირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ანდრეს მამიკინსმა კი, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობა კონფლიქტის. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
ამასთან, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, შეხვედრის დროს ევროპარლამენტის წევრმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმები. მანვე განაცხადა, რომ ევროპარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროპულ არჩევანს მხარს უჭერს.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებაზე, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესზე, ახალშექმნილი უმაღლესი დონის ფორმატის მნიშვნელობაზე და ასევე, საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის – ევროკავშირში საგზაო რუკის შესახებ ისაუბრა, რომელიც ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად და ამ პროცესში ახალი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს.