დავით ზალკალიანი - ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, რადგან პირველი სხდომაა მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალურად განაცხადა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე
პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, დღევანდელი სხდომა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, რადგან იყო პირველი სხდომა, რომელიც გაიმართა მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააგზავნა ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.
„ბუნებრივია, დღევანდელი სხდომის ძირითადი საკითხები გახლდათ ის სამოქმედო გეგმა და ის ნაბიჯები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რომ ეს პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები და ხელშესახები შედეგით დასრულდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრს და კომისიის წევრებს მან ის ნაბიჯები წარუდგინა, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა გადაიდგას, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება იქნება.
„პრემიერ-მინისტრს და კომისიის წევრებს წარვუდგინე ის ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს პერსპექტივაში უნდა გადაიდგას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფები ამ კომისიასთან, რომლებიც თემატიკის მიხედვით იმუშავებენ, გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს პერიოდში ველოდებით შესაბამის კითხვარს ევროკავშირიდან და ეს კითხვარები იქნება ფოკუსირებული როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სექტორული კუთხით და ასევე დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით განსახორციელებელ საქმიანობაზე. სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეიქმნება ყველა შესაბამისი სამინისტროს ჩართულობით, მონაწილეობით და ასევე პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობით, განსაზღვრავს სწორედ თითოეული ამ თემატიკის მიმართულებით ჩვენს პრიორიტეტებს და იმას, თუ როგორ უნდა იმუშაოს კომისიამ ეფექტიანად კითხვარის შესრულების მიმართულებით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.