საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის თემა უკრაინის ირგვლივ არსებული კრიზისი და უსაფრთხოების საკითხი იყო.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით იყო საკმაოდ ხანგრძლივი და დეტალური დისკუსია, ასევე იმ გავლენებზე, რა გავლენაც შეიძლება, მოახდინოს იქ განვითარებულმა მოვლენებმა.
მისი თქმით, უკრაინის მიმართ სოლიდარობა არის ერთ-ერთი მთავარი, რომელიც არაერთხელ, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო ძალიან მკაფიოდ დაფიქსირებული.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში საქართველო იყოს ძალიან მჭიდრო კონტაქტში და კომუნიკაციაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. დღეს მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის ელჩთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან გაიმართა ასეთი დისკუსია. უახლოეს დღეებში გვექნება ასევე სხვა პარტნიორებთან, რადგანაც მნიშვნელოვანია, ჩვენ წინასწარ გვქონდეს პოზიციები სიტუაციის შესაძლო სცენარებთან დაკავშირებით და რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული, რომ მთლიანად იყოს თავიდან აცილებული განვითარების მძიმე სცენარი და ასევე ის გავლენები, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს საქართველოზე. ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ელჩებს მივაწოდე ჩემი პოზიცია, რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება ამ მძიმე პერიოდში. სოლიდარობა უკრაინის მიმართ არის ერთ-ერთი მთავარი, რომელიც არაერთხელ, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო ძალიან მკაფიოდ დაფიქსირებული, მათ შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, იმ შეხვედრებზე, რომლებიც გვქონდა უკრაინელ პარტნიორებთან. ასევე, ელჩებს გავაცანი ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვქონდა უმძიმესი რუსული აგრესიის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში. აუცილებელია, რომ ჩვენი უკრაინელი პარტნიორები დარჩნენ იმ მართლაც მნიშვნელოვანი თანამშრომლობის რეჟიმში, ევროპელ პარტნიორებთან იყოს ერთიანობის, სოლიდარობის დემონსტრირება და ყველაფერი გაკეთდეს, ვიდრე არსებობს დიპლომატიური გზით დეესკალაციის საშუალება, რომ არ მოხდეს ყველაზე უმძიმესი სცენარის, სიტუაციის შემდგომი განვითარება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრის ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო დღეებში მიღებული და ბრიუსელში შეთანხმებული ისეთი ზომების შესახებ, როგორიცაა აქტივების გაყინვა, მოგზაურობის აკრძალვა.
„როგორც მოგეხსენებათ, არსებული ვითარება ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის როგორც უკრაინას, ისე რეგიონს, ევროპასა და მთელ მსოფლიოს. სწორედ ამიტომ, მადლობას ვუხდით საგარეო საქმეთა მინისტრს , რომელმაც ეს შეხვედრა კოლეგებთან არსებული სიტუაციის განხილვის მიზნით გამართა. მქონდა შესაძლებლობა, მოკლე ინფორმაცია მიმეწოდებინა ბოლო დღეებში მიღებული და ბრიუსელში შეთანხმებული ისეთი ზომების შესახებ, როგორიცაა აქტივების გაყინვა, მოგზაურობის აკრძალვა. ასევე ვისაუბრეთ სხვა ზომებზეც, რომლებიც ამჟამად ტარდება რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. არსებობს ძლიერი ერთსულოვნება, მათ შორის ატლანტიკურ სივრცეში, უკრაინისა და, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, იმ ფუნდამენტური პრინციპების მხარდაჭერის თვალსაზრისით, რომლებსაც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ეყრდნობა, რაც უაღრესად აქტუალურია მთელი რეგიონისთვის და ასევე ევროკავშირისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
თავის მხრივ, როგორც შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა აღნიშნა, რეგიონში შექმნილი ვითარება უაღრესად შემაშფოთებელია როგორც საქართველოსთვის, ისე მისი პარტნიორებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.
„საქართველოს ემოციური კავშირი აქვს უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან, რაც თქვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს 2008 წლის ომიდან გამომდინარე. რეგიონში შექმნილი ვითარება უაღრესად შემაშფოთებელია როგორც საქართველოსთვის, ისე მისი პარტნიორებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. ჩვენი დიდი სურვილი იყო გაგვემართა ეს კონსულტაციები მინისტრთან, ასევე ბატონ დარსალიასთან. ევროკავშირმა სიმტკიცის ნამდვილი მაგალითი აჩვენა და თავისი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ მხარდაჭერა ძალიან მაღალ დონეზე გამოხატა. სავსებით ლოგიკურია, რომ ასეთ დროს ჩვენ ვმართავთ ინტენსიურ კონსულტაციებს მინისტრთან, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, ერთიანობა და რეაქცია ამ მიუღებელ სიტუაციასთან დაკავშირებით, და განვსაზღვროთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომდევნო დღეებში, კვირებსა თუ თვეებში“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების კომენტარების თარგმანს საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.