დავით ზალკალიანი - ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და რეფორმებს პოზიტიურად აფასებენ
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და რეფორმებს უაღრესად პოზიტიურად აფასებენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ახალ ფორმატებზე ისაუბრეს.
„მადლიერება გამოვხატეთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდმივად და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვგრძნობთ. იმ მაღალი შეფასებების გამო, რომელიც გაჟღერებული იყო როგორც ევროპარლამენტის სესიაზე, ასევე ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების შეხვედრის დრო, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ევროკავშირის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გვქონდა. ძალინ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და რეფორმებს უაღრესად პოზიტიურად აფასებენ.
ვისაუბრეთ ასევე ახალ ფორმატებზე. კერძოდ, გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს სამმხრივ ფორმატზე, რომელიც სულ ახლახან მინისტრის მოადგილეების დონეზე განხორციელდა და მომავალში კიდევ უფრო განვავითარებთ. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მზადება 21 ნოემბრის უმაღლესი დონის შეხვედრისთვის, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ეს არის უპრეცედენტო ფორმატი.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის არც ერთ ქვეყანას მსგავსი სახის ფორმატი არ აქვს, ეს მხოლოდ საქართველოს გააჩნია. 21 ნოემბერს საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინაშე წარდგება, კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტი და კომისრები იქნებიან წარმოდგენილი. ჩვენ სექტორული თანამშრომლობის კუთხით ყველა ძირითად მიმართულებაზე ვისაუბრებთ. ამ შეხვედრაზე ძალიან მომზადებულები მივდივართ. ეს მხოლოდდამხოლოდ ანგარიში არ იქნება. მომავალზე ორიენტირებული ახალი იდეებით დახუნძლული შეხვედრა იქნება. დარწმუნებული ვარ ეს შეხვედრა ევროინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.