დავით ზალკალიანი - არც ევროკავშირის, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, არც ერთი ჩვენი პარტნიორისგან არ მოგვისმენია და არც მოვისმენთ, რომ საქართველო კურსს იცვლის
ევროკავშირის პოზიციაში სად ამოიკითხეთ, რომ საქართველო კურსს იცვლის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ზალკალიანის თქმით, ვიოლა ფონ კრამონს და იან კელის პატივს სცემენ, თუმცა მათ საკუთარი სუბიექტური მოსაზრებები აქვთ.
„ესენი არიან ადამიანები, ვისაც პატივს ვცემთ, მაგრამ ეს მათი სუბიექტური მოსაზრებაა. ერთი არის ევროპარლამენტარი, ასევე პოლიტიკოსია, მასაც თავისი პოლიტიკური განცხადებები აქვს. იან კელი ყოფილი დიპლომატია, მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ, არც ევროკავშირის, არც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, არც ერთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თუ არასტრატეგიული პარტნიორის მხრიდან არ მოგვისმენია და არც მოვისმენთ, ამის მტკიცებას გაძლევთ.
ეს მათი აზრია, თქვენი არგუმენტი არის, რომ ერთი ევროპარლამენტარი დეპუტატის აზრი არის ევროკავშირის აზრი. ევროკავშირის პოზიციაში სად ამოიკითხეთ, რომ საქართველო კურსს იცვლის. გასაგებია მათი პოზიცია, მაგრამ ეს (რეფორმები) არის პროცესი, რომელიც გრძელდება და 2022 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
რაც შეეხება კითხვას: „სიტყვაზე უნდა გენდონ? შეთანხმებიდან გახვედით“, – ზალკალიანის თქმით, „ქართული ოცნება“ ხელშეკრულებიდან არ გასულა.
„რატომ სიტყვაზე, ჩვენ გავედით ხელშეკრულებიდან? ხელშეკრულებამ თავისი პასუხისმგებლობის უდიდესი და მნიშვნელოვანი წილი, რაც მასზე იყო დაკისრებული, შეასრულა. შეთანხმება ხომ ის არის, რომ შეთანხმებაში ვინც მონაწილეობდა, საბოლოოდ მერე ხელს აწერს, ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელის, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან არ არის ხელმოწერილი. თუ არ არის ხელმოწერილი, ხომ ჩვეულებრივი სამართლებრივი ლოგიკაა, რომ ის არ არის ვალიდური“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.