დავით ზალკალიანი - ევროკავშირის მხრიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად განიხილება და თავშესაფრის არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა შეტყობინებასა და ინფორმაციაზე, რომელიც თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, უწყებისთვის ცნობილია ესპანეთის შემთხვევის შესახებ, სადაც თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ბარსელონას გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და ღამეს ოჯახებთან ერთად ქუჩაში ათევს.
მინისტრის თქმით, საქართველოს კონსულები ადგილობრივ საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებთან მუდმივ კავშირში არიან.
„ჩვენმა საზოგადოებამ და მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში უსაფრთხო ქვეყნების რიცხვშია შეყვანილი. ეს გულისხმობს, რომ თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებული არც ერთი მიმართვა არ იქნება დაკმაყოფილებული. ამიტომ საზოგადოებას და ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებთ, თავს მძიმე მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებენ, რადგან ევროკავშირის მხრიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად განიხილება და თავშესაფრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, შესაბამისად, ხარჯები, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები წასასვლელად და თავშესაფრის მოთხოვნისთვის გაიღებენ, მხოლოდ დააზარალებს მათ.
„ამ საკითხზე საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას კვლავ განვაგრძობთ, რათა კარგად გაიგონ და განვუმარტოთ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის ყველანაირი ასეთი მცდელობა ფუჭია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, ბარსელონაში, გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კონსული შეხვდა და ყველა შესაბამისი პროცედურა განუმარტა.
„მათთან შეხვედრაზე ადგილობრივი საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებიც იყვენ და განემარტათ, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება. ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია, დაბრუნდნენ. მომავალში ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი შემთხვევები ევროკავშირის წევრ არც ერთ ქვეყანაში დაკმაყოფილებული არ იქნება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.