დავით ზალკალიანი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
დავით ზალკალიანი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვენაში ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

„გენერალური მდივნის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და გამოითქვა ეუთო-ს მხრიდან აქტიური თანამშრომლობის მზაობა, როგორც ეუთო-ს სივრცეში პრიორიტეტით განსაზღვრული საკითხების პოპულარიზაციაში, ასევე ეფექტიან იმპლემენტაციაში“, – აღნიშნულია საგარეო უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივ ფორმატში საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ურთულეს ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე, რაც ართულებს ადგილზე მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. საუბარი ასევე შეეხო ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობას და ეუთო-ს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ადგილზე მოსახლეობისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში სიტყვით გამოვიდა ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე, ასევე შეხვედრა გამართა ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ჯგუფის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.