დავით ზალკალიანი - 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულია
28 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის გამორჩეულია, – ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ყველა არჩევნები მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ისეთ ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. ყველა არჩევნებით ხელისუფლება და მოქალაქეები აბარებენ დემოკრატიის ერთგულების ტესტს, მაგრამ ეს არჩევნები საქართველოსთვის გამორჩეულია. ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად იმართება საპრეზიდენო არჩევნების მეორე ტური და ეს არჩევნები ნამდვილად კონკურენტუნარიან გარემოში მიმდინარეობს, როდესაც შედეგს წინასწარ ვერ განჭვრეტ. მანამდე ასეთი რამ არ მომხდარა, რადგან საქართველოს პოლიტიკურ ველზე ძლიერი საპრეზიდენტო უფლებამოსილების მქონე, ძლიერი პერსონები დომინირებდნენ. ისეთი არჩევნები, რომელთა მომსწრენიც დღეს ვართ, ნიშნავს, რომ საქართველო ახალ ეპოქაში გადადის, როგორც ახალი საპარლამენტო დემოკრატია” – განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე და როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთი ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზაციაზე საუბრობს, თუმცა მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესი კომპრომისის საშუალებას იძლევა.
„მე არ მჯერა, რომ პოლიტიკას შეუძლია ადამიანების დაყოფა. დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს ტენდენცია, როდესაც შეგიძლია, ოპონენტს მტკიცედ შეეწინააღმდეგო. საქართველოში ამას განსაკუთრებით.ემოციურად აკეთებენ, მაგრამ ესეც ჩვენი თავისუფლების გამოხატვაა. თუმცა იმედი მაქვს, რომ პოლიტიკურ პროცესში კომპრომისის გამონახვა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.