დავით ზალკალიანი - ელჩებზე შეტევა იმ ქვეყნების შეურაცხყოფაა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ
გერმანია არის საქართველოს მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერი, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში გერმანიის როლი უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მისი თქმით, ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ელჩები საქართველოში წარმოადგენენ საკუთარ მთავრობას და მათზე შეტევა იმ ქვეყნების შეურაცხყოფაა, რომელსაც ეს ელჩები წარმოადგენენ.
„საქართველოს პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის ხელშეწყობაში. მათი მხარდაჭერითა და გვერდში დგომით საქართველომ ბევრი გამოწვევა დაძლია და უამრავ წარმატებას მიაღწია.
ამ პროცესში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით იმ დიპლომატებს, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის სხვადასხვა პერიოდში მსახურობდნენ და დღესაც საქმიანობენ ჩვენს ქვეყანაში. მადლობელი ვარ თითოეული მათგანის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული გულწრფელი პატივისცემისა და მზაობისთვის თავისი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის წარმატებების საერთაშორისო ფორმატებში წარმოჩენაში.
ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ელჩები საქართველოში წარმოადგენენ საკუთარ მთავრობას და მათზე შეტევა იმ ქვეყნების შეურაცხყოფაა, რომელსაც ეს ელჩები წარმოადგენენ.
გერმანია არის საქართველოს მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერი. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში გერმანიის როლი უმნიშვნელოვანესია.
დარწმუნებული ვარ, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსზე ბოლო პერიოდში გახშირებული უპასუხისმგებლო გამონათქვამები ზიანს ვერ მიაყენებს ჩვენს მეგობრულ, დინამიკურ და მჭიდრო თანამშრომლობას“, – აღნიშნული ზალკალიანის განცხადებაში.