დავით ზალკალიანი - ელჩების კონფერენციაზე დიპლომატიური კორპუსის პარლამენტთან ურთიერთობის საკითხებს განვიხილავთ
„ელჩების კონფერენცია 2018“-ზე დღეს საქართველოს დიპლომატიური კორპუსის პარლამენტთან ურთიერთობის საკითხებს განიხილავენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„დღეს პირველი პანელი დათმობილია საქართველოს დიპლომატიური კორპუსის პარლამენტთან ურთიერთობაზე. ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს გავივლით. ახალ გარემოებაში, როდესაც საქართველო საპარლამენტო დემოკრატიის მმართველობის პრინციპზე გადავიდა, პარლამენტის როლი კიდევ უფრო გაზრდილია. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საპარლამენტო ზედამხედველობა ძლიერდება. შესაბამისად, პარლამენტი საგარეო პოლიტიკური კუთხით არსებულ გამოწვევებზე მუდმივად ინფორმირებული უნდა იყოს.
„ეს მნიშვნელოვანია, რომ პრობლემებს ეფექტიანად გავუმკლავდეთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ამასთან, მისი თქმით, ელჩების კონფერენციაზე დღეს სიახლეც იქნება.
„ელჩები დისკუსიებში მონაწილეობას თავად მიიღებენ და თემატურ შეხვედრებს მოდერაციას გაუწევენ. თემატური შეხვედრები რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ატლანტიკურ ინტეგრაციაზე ქვეყნის პრიორიტეტებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს შეეხება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, განიხილება ეკონომიკურ დიპლომატია. დღის ბოლოს კი, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გაიმართება.
„ელჩების კონფერენცია 2018“ გუშინ გაიხსნა და 21 დეკემბერს დასრულდება.