დავით ზალკალიანი - ძალიან დროული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, ჩვენს მეზობლებს თბილისი შესთავაზოს დიალოგის პლატფორმად, ამ პროცესში ევროპელი პარტნიორების სრული მხარდაჭერა გვაქვს
ძალიან დროული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელმაც მკაფიოდ დააფიქსირა ჩვენი მზაობა, საქართველო ნებისმიერი სახით ჩაერთოს სამშვიდობო ფორმატებში და ჩვენს მეზობლებს შესთავაზოს თბილისი, როგორც დიალოგის პლატფორმა; იმედი მაქვს, მათი მხრიდანაც ადეკვატური გამოხმაურებები იქნება; რაც შეეხება ევროპელ პარტნიორებს, ჩვენ ამ პროცესში მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თემის კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ბრიუსელში ყველა შეხვედრაზე ევროპელი პარტნიორების მხრიდან გამოთქმული იყო დიდი წუხილი რეგიონში, საქართველოს სამეზობლოში არსებულ ესკალაციასთან დაკავშირებით.
„ბუნებრივია, ყველას მხედველობაში ჰქონდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი. ჩვენც ძალიან დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ამ პროცესებს, რადგან ესკალაცია მძაფრდება. ეს უშუალოდ ჩვენს სამეზობლოში ხდება. ისტორიულად, ჩვენ ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ თანამოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების უაღრესად დიდი გამოცდილება გვაქვს. ეს უნდა შენარჩუნდეს მომავალშიც. საქართველო, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობა, ერთიანია სამშვიდობო მოწოდებებში, დეესკალაციის მიმართულებით განსახორციელებელ ნაბიჯებთან მიმართებაში, იმ თვალსაზრისით, რომ საერთაშორისო აქტორები, პირველ რიგში ეუთოს თანათავმჯდომარეები და მინსკის ჯგუფი უფრო პროაქტიულად იყონ ჩართული, ვინაიდან აუცილებელია დეესკალაცია, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, რადგან თუკი სიტუაცია გამწვავდა, ეს საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს და რეგიონს მიღმაც მისი გავრცელების ძალიან დიდი ალბათობაა. ამას ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს თბილისში უმასპინძლოს.