დავით ზალკალიანი - დონალდ ტრამპის განცხადება დასტურია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აფასებს, როგორც დასტურს, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.
„უდავოა, რომ ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატო-ში. ეს იყო ჯერ კიდევ 10 წლის წინ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს. ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური დისკუსია უმაღლესი დონის ფორმატში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებმა. ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ფაქტია, რომ წევრების გარკვეული რაოდენობა ვერ თანხმდება ვადებთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მოხდეს ეს, მაგრამ სრული კონსენსუნია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ წევრი ქვეყნები იმ ვადამდე, როდესაც დადგება ეს დღე, როდესაც საქართველო შეუერთდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ზრუნავენ, რომ საქართველო გაძლიერდეს, გაძლიერდეს თავდაცვის, უსაფრთხოების მიმართულებით და ამაში მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. საქართველო ყოველდღიურად, არამხოლოდ სამიტიდან სამიტამდე, არამედ ყოველდღიურად, აძლიერებს საკუთარ თავდაცვასა და უსაფრთხოებას. ამაში ჩვენს პარტნიორებს შეაქვთ საკუთარი წვლილი, ამაში ჩვენ მათი ძალიან მადლიერი ვართ და ამ პროცესით ერთგვარად მწიფდება ის დრო, როდესაც საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, ანუ, ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და ამით ეს პროცესი მიდის წინ, რათა, როდესაც ეს დრო დადგება, საქართველო იყოს ამისთვის სრულად მზად“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ძალიან პოზიტიური შეფასება ყველა ნატოელი პარტნიორის მხრიდან კონტრიბუციასთან მიმართებით.
როგორც ზალკალიანი ამბობს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთ, უმაღლესი დონის შეხვედრაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის საკითხებთან დაკავშირებით, სადაც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება, თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ავღანეთში ნატო-ს ოპერაციაში. აღინიშნა, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას მისიებში.
„ჩვენმა ჯარისკაცებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პარტნიორებთან ერთად კვლავაც აგრძელებს ნატო-ს ოპერაციაში მიღებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.