დავით ზალკალიანმა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ორგანიზაციებს სთხოვა, საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტის მიზნით ყველა საშუალება გამოიყენონ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან.
სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე, რაც საფრთხეს უქნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს რეგიონში და ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
ამასთან, უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა მწვავედ დასვა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების შემთხვევები, აგრეთვე სოფელ ატოცის, ზემო ნიქოზისა და ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი.
„ასევე აღინიშნა რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ინსტრუმენტების გააქტიურება და დეზინფორმაციული თავდასხმები საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ. მინისტრის განცხადებით, მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები მიზნად ისახავს ქვეყნაში ვითარების დესტაბილიზაციას. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გალსა და ახალგორში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რაც მძიმე ტვირთად აწვება ადგილობრივ მოსახლეობას. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის ოკუპაციით გამოწვეული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის კუთხით პროგრესის საჭიროებას. აღინიშნა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, აღდგენის აუცილებლობა. დავით ზალკალიანმა თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით. მინისტრის თქმით, ადგილზე გართულებული ვითარების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.