დავით ზალკალიანი - დავით ბაშარული, გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი იმ ქართველთა სახელებია, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში მოკლეს, ამ საშინელ დანაშაულთა ჩამდენი პირები დაუსჯელი რჩებიან
დავით ბაშარული, გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი იმ ქართველთა სახელებია, რომლებიც გასული წლების მანძილზე მოკლეს, ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ამ საშინელ დანაშაულთა ჩამდენი პირები კვლავ დაუსჯელები რჩებიან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყოველ წელს ადამიანის უფლებათა საბჭო მნიშვნელოვან თემატურ და კონკრეტულ ქვეყანაზე ორიენტირებულ რეზოლუციებს იღებს, მათ შორის, ყოველწლიურ რეზოლუციას – „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის პირდაპირი მოწოდებებისა და უმაღლესი კომისრის განმეორებითი ძალისხმევის მიუხედავად, უმაღლესი კომისრის ოფისი დღემდე ვერ ახერხებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლას, მაშინ, როდესაც ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება მუდმივად უარესდება და ყოველდღიურად ირღვევა ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები. ორივე რეგიონში გაძლიერებული ეთნიკური დისკრიმინაციის სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრებისა და ჯანმრთელობის უფლებების დარღვევის, თვითნებური დაკავებების, გატაცებებისა და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია სასიცოცხლოდ აუცილებელ უსაფრთხოების მინიმალურ ზომებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება, ცხინვალის რეგიონში საქართველოში წარმოებული და ქართულად მარკირებული მედიკამენტების ამოღებისა და გაყიდვის აკრძალვის დაწყების შესახებ წარმოადგენს ჯანმრთელობის უფლებაზე მიტანილ შემდგომ იერიშს და საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს.
„საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური წინაღობების აღმართვის ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გამშვები პუნქტების რეგულარული დაკეტვის უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკას, ძალიან მძიმე შედეგები აქვს გადაადგილების თავისუფლებაზე, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე ჰუმანიტარულ ვითარებას და ფატალური შემთხვევებითაც კი სრულდება. ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევა, რომელიც თითქმის ორი თვის მანძილზე, უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით, თავისუფალი გადაადგილებისა და უკანონო დაკავებების განგრძობით პრაქტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორსა და ორგანიზაციას მათი ძალისხმევისთვის, რომელსაც მოჰყვა ექიმის გათავისუფლება. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ შევახსენო საბჭოს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ქართველი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფამ მიიღო სახიფათო ტენდენციის სახე. 2019 წლის 10 მარტს, რუსეთის ფსბ-ს ძალებმა საოკუპაციო ხაზთან დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია და მოგვიანებით ის გარდაიცვალა. უფრო საგანგაშო ის არის, რომ ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ განთავსებულ, რუსეთის სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა. დავით ბაშარული, გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი იმ ქართველთა სახელებია, რომლებიც გასული წლების მანძილზე მოკლეს. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ამ საშინელ დანაშაულთა ჩამდენი პირები კვლავ დაუსჯელები რჩებიან. ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო ამწვავებს დაუსჯელობის შეგრძნებას, და მეტიც, ამძაფრებს ეთნიკური ქართული მოსახლეობის მიმართ ძალადობას. აქვე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი წევრი სახელმწიფოების მხრიდან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დამრღვევი პირებისათვის შემზღუდველი ზომების დაკისრების გზით, სიტუაციის შემდგომი გაუარესებისაგან თავის აცილების მიზნით პრევენციული ნაბიჯის მნიშვნელობას“, – განაცხადა ზალკალიანმა.