დავით ზალკალიანი - დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და პროცესები დეესკალაციისკენ, სამშვიდობო შეთანხმებისკენ წავიდეს
დავით ზალკალიანი - დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და პროცესები დეესკალაციისკენ, სამშვიდობო შეთანხმებისკენ წავიდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე პროცესს აქტიურად აკვირდებიან.

ზალკალიანის თქმით, აუცილებელია, მხარეები 14 ივლისამდე, სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ვითარებას დაუბრუნდნენ.

„ახლო კომუნიკაციაში ვარ ჩემს კოლეგა მინისტრებთან. ორივე მინისტრთან მქონდა სატელეფონო საუბრები და გამოვხატე ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება და წუხილი სიტუაციასთან დაკავშირებით. მათ იციან ჩვენი პოზიცია – ჩენ არანაირად არ ვართ დაინტერესებულნი სიტუაციის შემდგომი ესკალაციით, პირიქით, აუცილებელია, რომ მხარეები დაუბრუნდნენ სიტუაციას, რომელიც იყო 14 ივლისამდე, ანუ, სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე“, – განაცხადა ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

ამასთან, ზალკალიანის თქმით, საყურადღებო ფაქტია ის, რომ კონფლიქტი პირველად გასცდა მთიანი ყარაბაღის გეოგრაფიას და ამჟამად უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზეა.

„ამიტომ, კიდევ უფრო მეტი წინდახედულება და სიფრთხილეა საჭირო. აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი და აქტიური ჩრთულობა პროცესში, პირველ რიგში ეუთო-ს მინსკის ფორმატის თანათავმჯდომარეების გააქტიურება და ყველა იმ საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედება, რომელიც ამ კონფლიქტის მოწესრიგების საფუძველი და ფუნდამენტია.

დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები და საერთაშორისო მოლაპარაკებებს, მექანიზმებს მიეცეს შესაძლებლობა, რომ წაიყვანონ პროცესი დეესკალაციისა და სამშვიდობო შეთანხმებისკენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.