დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დადებითი ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის
ამერიკული გამოცემა The Hill მკვლევარ ბროკ ბირმანის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით „მიეცით საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება“.
სტატიის ავტორი აშშ-ისა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების დადებით მხარეებს უსვამს ხაზს და აღნიშნულ თემაზე საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართულ საუბარს იხსენებს.
„ცოტა ხნის წინ მქონდა კომუნიკაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, რომელმაც მითხრა, რომ პოტენციალი საკმაოდ დიდია. მან თქვა: „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, მყისიერად გაზრდის აშშ-ის რბილ ძალას საქართველოს საზღვრებს მიღმა, შესაძლებელს გახდის [სამხრეთ კავკასიაში] დაძაბულობის ზრდის თავიდან აცილებას, გააძლიერებს ეკონომიკურ მდგრადობას, კეთილდღეობასა და ორმხრივ ვაჭრობას. ისტორიამ დაამტკიცა ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობის ეფექტიანობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დადებითი ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის“, – წერს ბროკ ბირმანი.
ავტორის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება. ის დადებითად იმოქმედებს როგორც საქართველოდ დემოკრატიულ განვითარებაზე, ისე აშშ-ის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებზე.