დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო და ეკლესია, პირველ რიგში, მოქალაქეთა ჯანმრთელობის, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით იხელმძღვანელებენ
დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო და ეკლესია, პირველ რიგში, მოქალაქეთა ჯანმრთელობის, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით იხელმძღვანელებენ

დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო და ჩვენი ეკლესია, პირველ რიგში, მოქალაქეთა ჯანმრთელობის, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით იხელმძღვანელებენ, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს კონსულტაციები მიმდინარეობს. მე უშუალოდ არ ვარ ჩართული ამ კონსულტაციებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო და ჩვენი ეკლესია, პირველ რიგში, მოქალაქეთა ჯანმრთელობის, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით იხელმძღვანელებენ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამ განცხადებით დავით ზალკალიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საპატრიარქოსთან კონსულტაციების დროს.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ქვეყანა უაღრესად მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის და ეს ორი კვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

„აქედან გამომდინარე ჩვენ, ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვმართებს. პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული. ამაზე ძალიან ბევრს წერენ დიდი გამოცემები, საუბრობენ ჩვენი პარტნიორები და ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოვეპყროთ იმ ადამიანთა შრომას, რომლებიც 24 საათის განმავლობაში შრომობენ, რათა წყალში არ ჩაიყაროს ის მნიშვნელოვანი შედეგი, რასაც საქართველომ მიაღწია.

„უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ გავივლით უახლოეს ორ კვირას. თუ ისეთივე მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოვავლენთ, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში დღემდე ვიჩენდით, დარწმუნებული ვარ, აქედან გამარჯვებული გამოვალთ. აქ უნდა გავერთიანდეთ ერიც და ბერიც, საქართველოს თითოეული მოქალაქე; უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის შრომას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, როგორ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. ჩვენი საზოგადოება უნდა დაგვეხმაროს იმაში, რომ საგანგებო მდგომარეობა რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს და ეტაპობრივად დავიწყოთ ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.