დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში ასახული იქნება ჩვენი ევროპული არჩევანი
დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში ასახული იქნება ჩვენი ევროპული არჩევანი

ხვალ, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც 15 დეკემბერს გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც განსაზღვრავს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ პერსპექტივებს.

„ჩვენთვის ეს ფორმატი უაღრესად მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირს. ბოლო 12 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი, საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული პროგრესი ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამიტიც იქნება ასევე მაქსიმალურად გამოყენებული ჩვენი მხრიდან, იმისთვის, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, იყოს შესაბამისად ასახული მიღებულ დეკლარაციაში. ასევე ჩვენ გვაქვს მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობის აღნიშნულ სამიტთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით უნდა განისაზღვროს სამომავლო პერსპექტივები და ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

მოგეხსენებათ, რომ ამ სამიტს წინ უძღოდა მოსამზადებელი შეხვედრები. გახლდით აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე, რომელსაც შემდგომ მოჰყვა, პირველად, პრემიერ-მინისტრების ფორმატში, ასოცირებული ტრიოს ვიზიტი ბრიუსელში. სწორედ ეს ორი ღონისძიება იყო მაქსიმალურად გამოყენებული ჩვენი მოლოდინების მაქსიმალურად ასახვის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ ის დეკლარაცია, რომელსაც ჩვენ მივიღებთ 15 დეკემბერს, იქნება ზუსტად ჩვენი მოლოდინების შესაბამისი, კერძოდ, ასახული იქნება ჩვენი ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი, ასევე, კიდევ ერთხელ დადასტურდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების კუთხით და დადასტურდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“,- განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიმართ მოლოდინები პოზიტიურია.

„მნიშვნელოვანია ასევე, რომ ასახული იყოს ჩვენი სურვილი დავუახლოვდეთ ერთიან ევროპულ ბაზარს, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული დაკავშირებადობა, რომელიც არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირში და ამ თვალსაზრისითაც ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრესი. საქართველო იქნება მაქსიმალურად ჩართული ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში.

მოლოდინები მართლაც არის პოზიტიური. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტის შედეგად, გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რომელიც განსაზღვრავს უკვე შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დრო და პერიოდი, რა პერიოდშიც იმართება ეს სამიტი. მოგეხსენებათ, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ მუდმივად კავშირში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, სამიტის დროს, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, რომელსაც ასევე მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივი ფორმატის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.