დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, გოჩა ლორთქიფანიძის საქმიანობა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში იქნება ურთიერთხელსაყრელი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ამ ორგანიზაციისთვის
დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, გოჩა ლორთქიფანიძის საქმიანობა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში იქნება ურთიერთხელსაყრელი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ამ ორგანიზაციისთვის

დარწმუნებული ვარ, გოჩა ლორთქიფანიძის საქმიანობა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში იქნება ურთიერთხელსაყრელი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მთლიანად ამ ორგანიზაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევას ქვეყნისთვის სერიოზული გამარჯვება უწოდა.

„პირველ რიგში, ვულოცავ ბატონ გოჩას და ჩვენს ქვეყანას ამ სერიოზულ გამარჯვებას. ეს არის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის აღიარება, ასევე იმ მაღალი პროფესიული თვისებების გაცნობიერება, რომელიც ჰქონდა ჩვენს კანდიდატს. მას აქვს ძალიან სერიოზული გამოცდილება, საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი თვალსაჩინო სპეციალისტია და ეს არის მართლაც, კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ საქართველოს წარმომადგენლობა გაიზარდოს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ისეთ მნიშვნელოვან სტრუქტურაში, როგორიცაა ჰააგის სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლო.

პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთ მაღალ თანამდებობაზე საქართველოს წარმომადგენელი იმარჯვებს და, მართლაც, იყო ძალიან სერიოზული კონკურენცია 18 ქვეყანას შორის. 18 კანდიდატი იბრძოდა ექვსი ადგილისთვის და ამ სერიოზულ ბრძოლაში, ის ფაქტი, რომ საქართველომ გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელთან ერთად პირველივე ტურებში მიაღწია წარმატებას, ეს არის მართლაც ძალიან სერიოზული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დიპლომატიური მისიების.

მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიმართ, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს კანდიდატურას, ასევე გამოვხატო ჩემი მადლიერება ჩვენი ელჩების მიმართ, დიპლომატიური მისიების მიმართ, ვინც აქტიურად იმუშავა. განსაკუთრებით აქტიური იყო ჩვენი მისია ნიუ-იორკში, გაერო-ში. ასევე მე მქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად სატელეფონო ზარები ჩემს კოლეგა მინისტრებთან. მინდა, ასევე მათაც განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გოჩას საქმიანობა ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო სტრუქტურაში იქნება ურთიერთხელსაყრელი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მთლიანად ამ ორგანიზაციისთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.