დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე მშვიდობიანად ჩაივლის და საერთაშორისო დამკვირვებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ობიექტურად შეაფასონ არჩევნები
დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე მშვიდობიანად ჩაივლის და საერთაშორისო დამკვირვებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, დააკვირდნენ და ობიექტურად შეაფასონ ეს არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ადგილობრივი არჩევნებზე დასაკვირვებლად უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლები არიან ჩამოსული.
„მოგეხსენებათ, ადგილობრივი არჩევნები განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან.
როგორც წესი, ისინი არ ესწრებიან ხოლმე, მაგრამ ჩვენ დიდი ხნით ადრე დავიწყეთ მზადება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალურად მობილიზაციის თვალსაზრისით. ჯერ კიდევ აპრილის თვეში, როდესაც არცკი იყო გამოცხადებული თარიღი, მოვიწვიეთ ყველა სადამკვირვებლო მისია, მათ შორის მთავარი ეუთო/ოდირის მისია. 400-მდე დამკვირვებელია როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი ამ მისიის ფარგლებში. ასევე, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც არიან ჩამოსული, ევროპარლამენტარებიც. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მონიტორინგის თვალსაზრისით უპრეცენდენტო არის ადგილობრივი არჩევნები და დარწმუნებული ვარ, შეფასებაც ექნება პოზიტიური, ისევე როგორც ბოლო ექვსი ჩატარებული არჩევნების დროს, როდესაც ყველა არჩევნები შეფასდა, როგორც ეუთო-ს შესაბამისად. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღეც მშვიდობიანად ჩაივლის და საერთაშორისო დამკვირვებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, დააკვირდნენ და ობიექტურად შეაფასონ ეს არჩევნები“, – განაცხადა ზალკალიანმა.