დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, ბათუმის კონფერენციაზე დღევანდელი დისკუსიები იქნება უაღრესად ნაყოფიერი, დაეხმარება ევროპელ პარტნიორებსაც, რათა ნათლად წარმოიდგინონ ჩვენი მისწრაფებები და მიზნები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ბათუმის ევროპული კონფერენცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით მნიშვნელოვანია.
„წლევანდელი კონფერენცია განსხვავებული ფორმატით იმართება. პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების გამო, ჩვენ ონლაინ ფორმატში ვმართავთ კონფერენციას, მაგრამ წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებულია იმითაც, რომ გვყავს მაღალი დონის სტუმრები – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ასევე ასოცირებული პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტები. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სწორედ ამგვარი ფორმატით გადაწყდა წლევანდელი კონფერენციის ჩატარება და მნიშვნელოვანია, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც არის რეგიონში შექმნილი, ჩვენი დღევანდელი დისკუსია სწორედ მიმართული იქნება იქითკენ, თუ რა ნაბჯები უნდა გადაიდგას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესების დაჩქარების მიმართულებით. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ წლის ბოლოს გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის მზადების თვალსაზრისითაც უნდა განვიხილოთ წლევანდელი კონფერენცია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება ასოცირებულ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივ დეკლარაციას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რომ აუცილებელია, აღმოსავლეთ პარტნიორის რეგიონის ქვეყნებს შორის გამონახული იყოს ახლებური მიდგომები შექმნილი გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე.
„აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს დიფერენციაციის პრინციპი და აუცილებელია, შენარჩუნდეს ინკლუზიურობა. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიები იქნება უაღრესად ნაყოფიერი, დაეხმარება ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც, რათა ნათლად წარმოიდგინონ ჩვენი მისწრაფებები, მიზნები, თუ რა უნდა გაკეთდეს 2020 წლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების რეგიონში და განსაკუთრებთ ასოცირებული პარტნიორების მიმართულებით, რათა ის პროგრესი, რაც აქვს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უფრო შეუქცევადი გახდეს, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესი უფრო სწრაფი ტემპით წავიდეს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.