დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, 2020 წლის არჩევნებზე საზოგადოება ზუსტ შეფასებას მისცემს მთავრობის საქმიანობას
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი. ვფიქრობ, საზოგადოებრივი აზრის ყველაზე რეალური გამოხატულება არის არჩევნებში მათი დამოკიდებულება მთავრობის მიმართ, პოლიტიკური პარტიების მიმართ და ეს იყო გამოხატული წინა არჩევნებზე, – ამის შესახებ „ენდიაის“ კვლევებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნებზე საზოგადოება ზუსტ შეფასებას მისცემს მთავრობის საქმიანობას.
„ჩვენ გვქონდა არა ერთი შემთხვევა, როცა გამოკითხვის შედეგები არ ემთხვეოდა არჩევნების შედეგებს. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის საქმიანობა მიმართულია ქვეყანაში კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ, ეკონომიკური ზრდა, რომელიც მართლაც გვაქვს უპრეცედენტო საგარეო გამოწვევების ფონზე. მართლაც ფაქტია, რომ უამრავი საგარეო გამოწვევა არსებობს, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით, იგივე ოკუპაცია, რომელიც სერიოზული გამოწვევაა და აისახება მთავრობის საქმიანობაზეც, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ რისკები და საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, რათა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა.
„სტაბილურობის გარეშე ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ ვერც განვითარებას და ვერც კეთილდღეობას. ვფიქრობ, ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს, დაინახავს და ეს ყველაფერი იქნება თარგმნილი, როდესაც ისინი არჩევნებზე, 2020 წელს გააკეთებენ არჩევანს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60 პროცენტი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 32 პროცენტი კი, დადებითად.