დავით ზალკალიანის განცხადებით, 2018 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი იყო.
მისივე თქმით, თვისობრივად განახლდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის შემადგენლობა.
ზალკალიანის განმარტებით, პირველ რიგში გაკეთდა არსებული ვითარების ანალიზი, რა იყო სუსტი წერტილები და სად უნდა მიემართათ ძირითადი ძალისხმევა, რათა საქართველოს პოზიციები ყოფილიყო გამყარებული, შემდეგ კი გაიმართა შეხვედრები ადამიანებთან, ვისაც ეს პრობლემა აწუხებდა.
დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ბევრი ნიუანსი აღმოჩნდა. ზალკალიანის თქმით, პროცესის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხშირ შემთხვევაში, არაჯეროვნად, ან საერთოდ არ იყო გამოყენებული ის რუკა, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებდა საქართველოს პოზიციებს.
„მოგეხსენებათ, ჩვენს სამეზობლოში ერთ-ერთი უმწვავესი, პრობლემატური თემა გახლავთ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი. ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ყველა წინა ხელისუფლებიდან. 26-ე წელია, მიდის ეს პროცესი, მაგრამ ამ მიმართულებით საბოლოო შედეგი არ დამდგარა. უფრო მეტიც, ჩვენ ვნახეთ დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესში ის ბოლო განვითარებები, რომელსაც საზოგადოება ადევნებდა თვალს.
2018 წელს, მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე, ჩემთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად სწორედ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი იყო. მოგეხსენებათ, თვისობრივად განახლდა კომისიის შემადგენლობა, აბსოლუტურად ახალი კომისია გვყავს, ახალი თავმჯდომარე. პირველი, რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ანალიზი, თუ სად ვიყავით, რა იყო ჩვენი სუსტი წერტილები და სად უნდა მიგვემართა ძირითადი ძალისხმევა, რათა ჩვენი პოზიციები ყოფილიყო განმტკიცებული და გამყარებული. ამ თვალსაზრისით, მე მქონდა ძალიან ბევრ ადამიანთან შეხვედრა, მათ შორის საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, საპატრიარქოსთან, ყველა იმ ადამიანთან, ვინც მართლა გულწრფელად განიცდიდა ამ საკითხს და ვისაც მართლა ძალიან ტკიოდა ეს პრობლემა, ისე როგორც ჩვენ.
ბევრი ნიუანსი აღმოჩნდა. იცით, რომ 1996 წელს ამ დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში საფუძვლად აღებულია 1996 წელს ხელმოწერილი პროტოკოლი, რომელმაც საფუძვლად აიღო 1938 წლის საზღვარი. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა და მაშინდელი სამივე რესპუბლიკა აღიარებდა საზღვრებს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც იყო ეს მოხაზული 1938 წელს. სწორედ 1996 წლის პროტოკოლში არის ზუსტად შეთანხმება, რომ ჩვენ უნდა გავყოლოდით 1938 წელს მიღებულ საზღვრებს და საფუძვლად იყო აღებული 1:500 000 მასშტაბის რუკა. თუმცა, იქვე ნათქვამია, რომ უნდა გამოგვეყენებინა ასევე დამატებითი დამხმარე რუკები.
მოგეხსენებათ, 1: 500 000-იანი მასშტაბის რუკა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ზუსტად განისაზღვროს გეოგრაფიული მდებარეობა და მას სჭირდებოდა კიდევ უფრო გაშლილი მასშტაბის რუკა. ასეთად იყო აღქმული 1:200 000-იანი. როდესაც ჩვენ შევისწავლეთ ეს პროცესი, აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში, არ იყო ჯეროვნად გამოყენებული, ან საერთოდ არ იყო გამოყენებული ის რუკა, რომელიც მნიშვნელოვანწილად გააძლიერებდა ჩვენს პოზიციებს. ამიტომ, პირველი, რაც მე კომისიის თავმჯდომარეს, ჩემს მოადგილეს ვთხოვე, ისევე როგორც კომისიის წევრებს, იყო, რომ აქტიურად დაგვეწყო მოძიება ამ 1:200 000-იანი რუკის, რომელიც ჩვენს პოზიციებს საგრძნობლად გაამყარებდა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანის განმარტებით, რუკების ძებნა სხვადასხვა წყაროს მეშვეობით მიმდინარეობდა.
„რუკების ძებნა მიმდინარეობდა სხვადასხვა წყაროებში – ჩვენს პარტნიორებთან, ასევე აქტიურად იყო ჩართული ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. მოგეხსენებათ, თავდაცვის სამინისტროს აქვს შესაბამისი, ძალიან კარგი ბაზა და სამსახური. ვფიქრობ, იმ ერთობლივი საქმიანობის შედეგად, ჩვენ მოვიპოვეთ ის რუკები, რომლებიც მე სექტემბერში გადავეცი ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგას თბილისში ვიზიტის დროს. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი დამხმარე რუკები, რომლებიც დიდწილად გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს და რომელმაც შესაძლოა, მოგვცეს საშუალება, გადავხედოთ იმ შეთანხმებებს, რომელიც 2006-2007 წელს იქნა დადებული, რომელიც, ვფიქრობ, საზიანო იყო საქართველოსთვის. ეს რუკები იყო სხვადასხვა წყაროდან – საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, მათ შორის, 30-იან, 40 და 50-იან წლებში გამოშვებული რუკები, რომლებიც ძალიან მკაფიო წარმოდგენას გვაძლევს, თუ სად გადის საზღვარი.
ბუნებრივია, როდესაც მოლაპარაკების პროცესში ხარ და ასეთ დელიკატურ თემაზე, პირველ რიგში, ამ ახალი გარემოებების შესახებ უნდა აცნობო კოლეგას. მე გამოვიყენე ეს შესაძლებლობა, როდესაც ახლადდანიშნული ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში იმყოფებოდა, მას გადავეცი. ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული და კარგი საუბარი ამ თემატიკასთან დაკავშირებით. ეს ჩვენი საკითხია, ამ კომისიის შიგნით რა პრობლემები არსებობდა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ახლადაღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ახალი მასალები ჩემს კოლეგას მივეცი. ის საკმაოდ გაგებით მოეკიდა ამას და დამპირდა როგორც იმ შეხვედრაზე, რომელიც მასთან მქონდა, ისე საჯაროდაც გააკეთა განცხადება, რომ კომისიის ფარგლებში დაიწყოს უკვე ამაზე მსჯელობა და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალემებელი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანის თქმით, საბოლოო შეთანხმება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების და საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესაბამისად უნდა შედგეს. ზალკალიანის განმარტებით, პანდემიიდან გამომდინარე, როგორც კი საშუალება იქნება, მომავალ წელს კომისიის საქმიანობა განახლდება.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან, როგორც შეეფერება საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, სწორედ ამ ინტერესებზე დაფუძნებით უნდა გავიდეთ საბოლოო შეთანხმებაზე. დარწმუნებული ვარ, კომისია იმ ახალი შემადგენლობით, რომელიც გვყავს, წყნარად, თანიმდევრულად, როგორც კი პანდემია მოგვცემს საშუალებას… პირველი შეხვედრა იყო ჩანიშნული მარტში, მაგრამ პანდემიის გამო ვერ მოხერხდა. შემდეგ კარტოგრაფები გვყავდა, მოხდა აზომვითი სამუშაოები, მაგრამ პანდემია არ იძლევა ფიზიკური შეხვედრების საშუალებას, ამიტომ, როგორც კი ამის საშუალება იქნება, მომავალ წელს, კომისიის საქმიანობა განახლდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქმიან რეჟიმში მოხდება ყველა საკითხის განხილვა.
უფრო მეტიც, როდესაც მოვიძიეთ დამატებითი სახელმძღვანელოები, საერთაშორისო ექსპერტებიც ჩავრთეთ ამ პროცესში და ჩავრთეთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული კომპანია (მსოფლიოში სულ რამდენიმე კომპანიაა, რომელიც საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებზე მუშაობს), რომელმაც დადო მნიშვნელოვანი დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ 1:200 000-იანი რუკა მნიშვნელოვანწილად გაამყარებდა საქართველოს პოზიციებს. ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით და სწორედ ამ მიმართულებით წავალთ, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორ სომხეთის მიმართულებითაც დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი უნდა განახლდეს. მომავალი წლის პრიორიტეტებში ეს ორი პრიორიტეტი აუცილებლად იქნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.