დავით ზალკალიანი - ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს დავით გარეჯთან დაკავშირებით ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ
აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ, უაღრესად ახლო მეზობელ და მეგობარ ქვეყანად, ვერანაირი საგამოძიებო პროცესი და ახლად აღმოჩენილი გარემოებები დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის პროცესის ფარგლებში ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, როდესაც განხორციელდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, შედგა საგნობრივი, შინაარსობრივი საუბარი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით, კერძოდ, დავით გარეჯთან მიმართებაში, რადგან ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.
„ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც არის გამოწვეული ახალი მასალების მოძიებით. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ახალი კარტოგრაფიული მასალები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დასკვნა. შევთანხმდით, რომ აუცილებელია საგნობრივი მუშაობის გაგრძელება კომისიის ფარგლებში, რათა კომისიამ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს ისეთი შეთანხმება, რომელიც იქნება მისაღები როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. კომისიის ფარგლებში ყველა მხარე საკუთარ პოზიციას იცავს და დაიცავს. ჩვენ არანაირი პრეტენზია არ შეიძლება გვქონდეს აზერბაიჯანულ მხარესთან მიმართებაში და პოზიცია ჩვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმა კარგად გაიგეს. ეს ძალიან მკაფიოდ იყო გამოხატული იმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ჩვენ ამ ვიზიტის შემდეგ გავმართეთ. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად უსაფუძვლო შეტევა, ჩემზე, ასევე ხელისუფლებაზე, ჩვენი ოპონენტების მხრიდან, თითქოს ხდება საკითხის პოლიტიზაცია, აბსოლუტურად უსაფუძვლო ბმაა, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმდინარე ესკალაციასთან. ჩვენი ვიზიტი, შეხვედრა შედგა 24 სექტემბერს, ეს არის ის პერიოდი, როდესაც არანაირი დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ მიმდინარეობდა, ეს პროცესი დაიწყო 27 სექტემბერს, ეს არის საკითხის უპასუხისმგებლო პოლიტიზების მცდელობა ოპონენტების მხრიდან. გარწმუნებთ, რომ არანაირი ჩრდილი არ მიადგება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობას ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.