დავით ზალკალიანი - ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა უნდა დაინახონ, რომ მათი მომავალი ჩვენს ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებაა
ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა უნდა დაინახონ, რომ მათი მომავალი ჩვენს ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებაა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„არაღიარების პოლიტიკა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, ჩვენ ხელთ არსებული ხელშესახები შედეგები მომავლშიც უნდა გამყარდეს. თქვენ გახსოვთ, როგორი ქვეყანა გადმოვიბარეთ 2012 წელს, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, რამდენ ქვეყანას ჰქონდა აღიარებული. დღეს იმ ექვსი ქვეყნიდან ორმა აღიარება უკან წაიღო. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ამ თემაზე ღიად აქ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებითაც ჩვენ უნდა გვქონდეს მომავალში მნიშვნელოვანი შედეგი. ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა უნდა დაინახონ, რომ მათი მომავალი ჩვენს ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებაა და არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ ისინი იქნებიან აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
ამას ადასტურებს ზუსტად ის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს გვაქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან, იგივე კონსოლიდირებული აქტი, რომელიც აშშ-ის კონგრესმა სწორედ ჩვენი შეხვედრიდან ძალიან მალე მიიღო, თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, სადაც პირდაპირ არის ჩადებული მნიშვნელოვანი ელემენტები, რაც დაკავშირებულია სანქციებთან იმ ქვეყნებთან მიმართებაში, ვინც შეეცდება რაიმე სახის ფორმალური ურთიერთობა დაამყაროს ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს, ე.წ. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამიტომ ჩვენ ღია ვართ ამ საუბრისთვის, ღია ვართ სწორედ ამ კონტექსტში და ამ ჭრილში და არა ისე, როგორც ამის წარმოჩენას რუსეთი ცდილობს“, – განაცხადა ზალკალიანმა.