დავით ზალკალიანი - ჩვენი ოპონენტები დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზებას ცდილობენ, გარწმუნებთ, აზერბაიჯანთან ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგება
ყველას მოვუწოდებ, დავით გარეჯის საკითხი არის სახელმწიფოებრივად უაღრესად მნიშვნელოვანი და ნუ ეცდებიან ამის პოლიტიზებას. მინდა, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ, უაღრესად ახლო მეზობელ და მეგობარ ქვეყანად.
„ვერანაირი საგამოძიებო პროცესი და ახლად აღმოჩენილი გარემოებები დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის პროცესის ფარგლებში ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, როდესაც განხორციელდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, შედგა საგნობრივი, შინაარსობრივი საუბარი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით, კერძოდ, დავით გარეჯთან მიმართებაში, რადგან ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.
„ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც არის გამოწვეული ახალი მასალების მოძიებით. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ახალი კარტოგრაფიული მასალები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დასკვნა. შევთანხმდით, რომ აუცილებელია საგნობრივი მუშაობის გაგრძელება კომისიის ფარგლებში, რათა კომისიამ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს ისეთი შეთანხმება, რომელიც იქნება მისაღები როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. კომისიის ფარგლებში ყველა მხარე საკუთარ პოზიციას იცავს და დაიცავს. ჩვენ არანაირი პრეტენზია არ შეიძლება გვქონდეს აზერბაიჯანულ მხარესთან მიმართებაში და ეს პოზიცია ჩვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმა კარგად გაიგეს. ეს ძალიან მკაფიოდ იყო გამოხატული იმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ჩვენ ამ ვიზიტის შემდეგ გავმართეთ. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად უსაფუძვლო შეტევა, ჩემზე, ასევე ხელისუფლებაზე, ჩვენი ოპონენტების მხრიდან, თითქოს ხდება საკითხის პოლიტიზაცია, აბსოლუტურად უსაფუძვლო ბმაა აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმდინარე ესკალაციასთან. ჩვენი ვიზიტი, შეხვედრა შედგა 24 სექტემბერს, ეს არის ის პერიოდი, როდესაც არანაირი დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ მიმდინარეობდა, ეს პროცესი დაიწყო 27 სექტემბერს, ეს არის საკითხის უპასუხისმგებლო პოლიტიზების მცდელობა ოპონენტების მხრიდან. გარწმუნებთ, რომ არანაირი ჩრდილი არ მიადგება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრულ ურთიერთობას ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან. ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების გამოხმაურება. გუშინ ჩვენ მათთან გვქონდა კომუნიკაცია, ასევე საჯარო განცხადებაც გააკეთა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს პოზიცია. ყველას მოვუწოდებ, რომ ეს არის სახელმწიფოებრივად უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი და ნუ ეცდებიან ამ საკითხის პოლიტიზებას. მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ეს მოხდება სწორედ იმ კომისიის ფარგლებში, რომლის მუშაობაც ჩვენ განვაახლეთ, მოხდა მნიშვნელოვანი ანალიზი, წინა ჩატარებულ საქმიანობაზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრმა ახალი კომისიის მუშაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრები დაგეგმილი იყო, თუმცა პანდემიის გამო ვერ განხორციელდა.
„ჩვენ ერთი დღეც არ დაგვიკარგავს, რათა მოგვეპოვებინა ჩვენი პოზიციის გამამყარებელი ახალი დოკუმენტაცია, მტკიცებულებები, რაც არ იყო გამოყენებული წინა კომისიის შემადგენლობების მხრიდან. ვფიქრობ, ახლაც საჭიროა, კომისიამ მუშაობა განაახლოს და სწორედ ამ ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე და დასკვნებზე დაფუძნებით, რომელიც მნიშვნელოვნად ამყარებს საქართველოს პოზიციებს და ამ პოზიციებიდან გაგრძელდეს მოლაპარაკება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.