დავით ზალკალიანი - ჩვენი ხელისუფლება უზრუნველვყოფს, რომ ემიგრანტების უფლებები დაცული იყოს და არჩევნებში მონაწილეობა თავისუფლად შეძლონ
ჩვენი ხელისუფლება უზრუნველვყოფს, რომ ემიგრანტების უფლებები დაცული იყოს და არჩევნებში მონაწილეობა თავისუფლად შეძლონ, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობას შეეხებოდა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.
„საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან დიდი დახმარება გასწია, რომ დავხმარებოდით უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და უპრეცედენტო ზომები იქნა მიღებული. არც ერთ ჩვენზე სისტემურად უფრო ძლიერ ქვეყანას არ განუხორციელებია და არ გადაუდგავს ის ნაბიჯები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია. ჩვენ სამშობლოში დავაბრუნეთ 23 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და ასევე, ადგილზე დახმარება აღმოვუჩინეთ 24 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს. რა თქმა უნდა, აქ მთავარი კრიტერიუმი არის ჩვენს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად ძალიან სწრაფად და დინამიურად იცვლება.
არანაირი საუბარი მათი რესურსის გამოყენება/არ გამოყენებაზე არ არის. ჩვენ ძალინ აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. გუშინ ჩემმა მოადგილემ საზოგადოების წინაშე წარმოადგინა ის გეგმა, რაც გაწერილია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად, რათა უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც ჩვენს საკონსულოებში აღრიცხვაზეა, შესაძლებლობა ჰქონდეს, არჩევნებში თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა. ვერანაირ პრობლემას, დღევანდელი მოცემულობით, ვერ ვხედავ იმ კუთხით, რომ ვინმეს უფლება რაიმე სახით შეზღუდულია. ჩვენი ხელისუფლება უზრუნველვყოფს, რომ მათი უფლებები იყოს დაცული და არჩევნებში მონაწილეობა თავისუფლად შეძლონ“, – განაცხადა ზალკალიანმა.