დავით ზალკალიანი - ჩვენი აპლიკაციით მოქალაქეები უკვე შეძლებენ, თავისუფლად შევიდნენ და გადაადგილდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე
ევროკავშირმა აღიარა საქართველოს კოვიდ-სერტიფიკატები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას ევროკავშირის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„აქამდე, მოგეხსენებათ, ჩვენი აპლიკაცია არ იკითხებოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და დღეიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ აპლიკაციით, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ, თავისუფლად შევიდნენ და გადაადგილდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. არა მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე, არამედ იმ ქვეყნებშიც, რომელი ქვეყნების კოვიდ-სერტიფიკატებიც აღიარებული აქვს ევროკავშირს. ეს დაახლოებით 40-ზე მეტი ქვეყანაა, რაც კიდევ აფართოებს ჩვენი მოქალაქეების მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი აღიარა. ევროკომისიის გადაწყვეტილება 16 ნოემბრიდან ამოქმედდება.