დავით ზალკალიანი - ჩვენ ვართ ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის თვალსაზრისით და ეს მიღწევები აღიარებულია
საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში და ის მიღწევები, რაც ჩვენმა ქვეყანამ ამ ათი წლის განმავლობაში აჩვენა აღიარებულია, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრატისლავაში ვიშეგრადის ოთხეულისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე (V4+EaP) განაცხადა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრატისლავაში ჩატარებული შეხვედრა და ვიშეგრადის ოთხეულისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფორმატი კარგი შესაძლებლობაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავზე განვლილი გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ მსჯელობისთვის.
მისივე განცხადებით, ვიშეგრადის სახელმწიფოები მკაფიოდ უჭერენ მხარს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანს, რაც პრაქტიკული თვალსაზრისითაც გამოიხატება.
„დღევანდელი შეხვედრის ფორმატი კარგი შესაძლებლობაა, რომ 10 წლისთავზე ვისაუბროთ იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს წარმატება აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ვიშეგრადის ქვეყნები გახლავთ ის ქვეყნები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ვინც განსაკუთრებულად, მკაფიოდ აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ ინსტიტუციებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ჩვენ მადლიერი ვართ ამ მხარდაჭერისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ერთგვარად არის მოსამზადებელი „აღმოსვლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალისთვის, გულწრფელად ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც ფუნქციური ინტეგრაციის, ისე ხალხთაშორისი კონტაქტების თვალსაზრისით. პოზიტიურად შეფასდა საქართველოს განვლილი გზა. ჩვენ ვართ ლიდერი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თვალსაზრისით, არსებული ხელშესახები შედეგები მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს მომავალშიც უნდა ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რომელსაც იგრძნობს ქვეყნის თითოეული მოქალაქე და რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ინტეგრაციულ პროცესს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული დოკუმენტი (ROADMAP2EU) იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნის მეტი ფუნქციური და ფიზიკური ინტეგრაციისთვის ევროკავშირში, რაც საქართველოს მოამზადებს მისი საბოლოო მიზნის – ევროკავშირში წევრობისთვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მონაწილეობა მიიღო „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე „ვიშეგრადის ოთხეულის“, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში, იოჰანეს ჰანმა და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალურმა, მდივანმა ჰელგა შმიდმა.