დავით ზალკალიანი - ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება.
ზალკალიანმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია „აუცილებლად მიიჩნევს, გაუქმდეს ((дезавуировать) ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს განცხადება მიუღებელია.
„ნატო უნიკალური ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნებულია პრინციპებზე და მისი წესდების შესაბამისად, არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, ჩაერიოს გადაწყვეტილებაში ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით.
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს არის მიღებული, არ გადაიხედება, არ გადაისინჯება. ეს ძალიან მკაფიო და ნათელია. ამის შესახებ საუბრობენ ჩვენი ნატო-ელი პარტნიორები. ამასთან, ის, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც ნატო-სკენ მიისწაფვის და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მისთვის ნატო-ს კარი ღიაა და ეს არის ნატო-სა და იმ ქვეყნის გადასაწყვეტი. ამ შემთხვევაში, საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და ეს არის ის ვალდებულება, რომელზეც თავად რუსეთის ფედერაციას აქვს ხელი მოწერილი.
„ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არაერთხელ იყო გამეორებული სხვადასხვა უმაღლესი დონის სამიტის გადაწყვეტილებებში. 2008 წლის შემდეგ თითქმის ყველა სამიტზე არის ამის შესახებ საუბარი და მათ შორის ბოლო, 2021 წლის სამიტის დეკლარაციაშიც ძალიან მკაფიოდ არის განმეორებული ის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.
ნიშანდობლივია ისიც, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და ეს არის ის ვალდებულება, რომელზეც თავად რუსეთის ფედერაციას აქვს ხელი მოწერილი, მათ შორის ჰელსინკის დეკლარაციით, ასევე პარიზის გადაწყვეტილებით და ყველა დიდ საერთაშორისო შეთანხმებებში ამის შესახებ არის საუბარი. ასე რომ, ნატო-ს გადაწყვეტილება არის შეუქცევადი და ეს არის გასარკვევი მხოლოდ ნატო-სა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც მიისწრაფის ნატო-სკენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. „მიუღებელია მესამე მხარის, რუსეთის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვაზე ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.