დავით ზალკალიანი - ბრიტანეთი არის ჩვენი ძალიან მკაფიო მხარდამჭერი ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით
ბრიტანეთი არის ჩვენი ძალიან მკაფიო მხარდამჭერი ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის დაბადების დღის აღსანიშნავ მიღებაზე განაცხადა.
ბრიტანეთის ელჩის სახელით თბილისში გამართულ მიღებაზე დავით ზალკალიანმა ბრიტანელ კოლეგებს დედოფლის დაბადების დღე მიულოცა.
„მინდა, გულწრფელად მივულოცო ჩვენს ბრიტანელ კოლეგებს ეს მნიშვნელოვანი დღე, დედოფლის დაბადების დღე, რომელიც მართლა დიდი დღესასწაულია მთლიანად გაერთიანებული სამეფოსთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გაერთიანებულ სამეფოსთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, რაც გამოხატულია თანამშრომლობის მრავალ ფორმატში. ინსტიტუციურად ვთანამშრომლობთ უორდროპის დიალოგში, სადაც ძირითადი მიმართულებები, პოლიტიკის, კულტურის, ეკონომიკის, ხალხთა შორის ურთიერთობის მიმართულებით თანამშრომლობა არის ძალიან მკაფიო, ისევე, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ბრიტანეთი არის ჩვენი ძალიან მკაფიო მხარდამჭერი ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს – ბრექსიტის პროცესი, მაგრამ ვფიქრობთ, ესეც ასევე არის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.