დავით ზალკალიანი - ბოლომდე დავიხარჯები საქართველოს გამარჯვების, მისი ხალხისა და ჩვენი დიპლომატიური სამსახურის წარმატებისთვის
დავით ზალკალიანი - ბოლომდე დავიხარჯები საქართველოს გამარჯვების, მისი ხალხისა და ჩვენი დიპლომატიური სამსახურის წარმატებისთვის

ქართული დიპლომატიისთვის, მომავალი 2019 წელიც ახალი მიზნების, ამოცანებისა და გამოწვევების წელი იქნება, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მილოცვაში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი დიპლომატებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.

„მიიწურა ერთად ყოფნის მორიგი წელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდმა, ქართულმა დიპლომატიამ, უდიდესი ძალისხმევისა და პროფესიონალიზმის შედეგად შეძლო 2018 წელი მრავალი მიღწევით ჩაეწერა ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს ღირსეული ადგილის განსამტკიცებლად.

ქართული დიპლომატიისთვის, მომავალი 2019 წელიც ახალი მიზნების, ამოცანების და გამოწვევების წელი იქნება. წლის დასაწყისში მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება 2019-2022 წლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, აღსანიშნავია, რომ ეს იქნება მთავრობის დონეზე დამტკიცებული პირველი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი, სადაც საქართველოს კონსტიტუციის, პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციისა და საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის შემდეგომ, კიდევ ერთხელ გაიწერება საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის მთავარი მიმართულება – ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია და მშვიდობიანი გზით ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“,- აღნიშნულია დავით ზალკალიანის მილოცვაში.

როგორც მინისტრი ამბობს, მსოფლიოში შექმნილ ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყნის საგარეო სტრატეგიის ეფექტური იმპლემენტაცია ჩვენს დიდ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს.

„დარწმუნებული ვარ, საქმისადმი ერთგულებით, მაღალი პასუხისმგებლობით, ერთიანობით და რაც მთავარია სიმართლით, ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ, საქართველოს დიპლომატებს ბედმა გვარგუნა, გვქონდეს პრივილეგია, საქართველოს წარმოვადგენდეთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ხალხის დიდი ნდობის მანდატი გვაქვს და მათი იმედების გაცრუების უფლება არ გვაქვს.

2018 წელი ჩემთვისაც განსაკუთრებული იყო, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების და ასევე ქართული დიპლომატიის წინაშე. ბოლომდე დავიხარჯები საქართველოს გამარჯვების, მისი ხალხის და ჩვენი დიპლომატიური სამსახურის წარმატებისთვის! ამ საქმეში თქვენი თანადგომის და მხარდაჭერის იმედი მაქვს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთ გუნდად შეკრული, საერთო გამოწვევების გასამკლავებლად და ახალი მიზნების მისაღწევად ვიყოთ გაერთიანებული 2019 და კიდევ მრავალ წელს.

ძვირფასო მეგობრებო, გულწრფელი მადლობა მინდა გითხრათ და გისურვოთ გამარჯვებები და წარმატებები საქართველოს საკეთილდღეოდ. ერთად ყველაფერს შევძლებთ! ბედნიერ ახალ წელს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გისურვებთ“,- აღნიშნულია ზალკალიანის მილოცვაში.