დავით ზალკალიანი - ბოლო პერიოდში თბილისში განვითარებულ მოვლენებზე შსს-ს რეაგირება სახელმწიფო დეპარტამენტში პოზიტიურად შეფასდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ბოლო პერიოდში თბილისში განვითარებული მოვლენები, კერძოდ ის, თუ როგორი რეაგირება მოახდინა შსს-მ იმისთვის, რომ შეკრებილებს მისცემოდათ შესაძლებლობა თავისუფლად გამოეხატათ პოზიცია.
ამასთან, როგორც ზალკალიანმა განაცხადა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პოლიტიკურ პლურალიზმზე, მედიის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე.
„უაღრესად პოზიტიურად შეფასდა ბოლო პერიოდში თბილისში განვითარებული მოვლენები, კერძოდ ის, თუ როგორი რეაგირება მოახდინა ხელისუფლებამ, კერძოდ შსს-მ იმისთვის, რომ შეკრებილებს მისცემოდათ შესაძლებლობა თავისუფლად გამოეხატათ პოზიცია.
პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ჩატარებული არჩევნები. ასევე ვისაუბრეთ მოლოდინებზე, რომელიც ჩვენს პარტნიორს აქვს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ხელისუფლება იქნება აქტიური. უზრუნველვყოფთ, რომ საარჩევნო გარემო იყოს თავისუფალი, დემოკრატიული“,- განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საუბარი იყო ადამიანის უფლებების კუთხით ხელისუფლების ახალ ინიციატივებზე, კერძოდ შსს-ს ფარგლებში ახლად შექმნილ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტზე.
„ჩვენი მხრიდან იყო წარმოდგენილი ხედვა, თუ როგორ ვუყურებთ შსს-ს საქმიანობას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. აშშ-ისგან გვაქვს სრული მხარდაჭერა ყველა ამ მიმართულებით“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით მთავრობების სტრატეგიასა და გეგმებზე. ასევე დადებითად შეფასდა საქართველოში დემოკრატიული პროცესის განვითარება და ის ღონისძიებები, რაც ტარდება სტაბილური წინსვლის შესანარჩუნებლად.