დავით ზალკალიანი - ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე, მნიშვნელოვანია, მათ ადეკვატური ინფორმაცია მიეწოდოთ
დავით ზალკალიანი - ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე, მნიშვნელოვანია, მათ ადეკვატური ინფორმაცია მიეწოდოთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კომენტარი გააკეთა ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილზე, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება „დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებთან“ დაკავშირებით.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მინისტრის განცხადებით, აშშ-ის რჩევები საქართველოსთვის ძალიან ფასეულია. ამასთან, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვაშინგტონს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიეწოდება.

ზალკალიანის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებს სწორი და ადეკვატური ინფორმაცია მიაწოდონ.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის რეაგირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მათი რჩევები ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია. ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე პროცესები იწვევს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მისვლას ვაშინგტონამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან იყოს სწორი კომუნიკაცია, მათ მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზე გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, ამერიკელი კონგრესმენების განცხადება ამერიკა-საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, რომელიც დღეს ძალიან მაღალ ნიშნულზეა, უარყოფითად არ აისახება.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა ამ განცხადებით არ კნინდება. პირიქით – გვაქვს ორპარტიული, მყარი მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან,  როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან, ისე აღმასრულებელ დონეზე. როგორც არასდროს, მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ვაშინგტონთან,  რომლის დასტურიცაა ის უპრეცედენტო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც იქნა ერთხმად მიღებული წარმომადგენლობით პალატაში. დარწმუნებული ვარ, ის, ასევე, მხარდაჭერილი იქნება სენატში და აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან. ბუნებრივია, ყველა დონეზე, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უპრეცედენტო იყო ჩვენი თანამშრომლობა წელს, ასევე გაგრძელდება მომავალ წელს, რომლის დასტურიც არის ის ახალი შეთანხმება, რომელიც გაფორმდა თავდაცვის უწყებებს შორის. ჩვენ გვექნება მათთან შესაბამისი კომუნიკაცია, მიეწოდებათ ყველა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მესმის, რომ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე. ამიტომ, აუცილებელია, მათ ჰქონდეთ ზუსტი, ადეკვატური შეფასება საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ჩვენ მათთან გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება კომუნიკაცია მიმდინარე პროცესებზე და ჩვენს ურთიერთობას წუთითაც არ მიადგება ჩრდილი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.