დავით ზალკალიანი - აზერბაიჯანში ვიზიტი უაღრესად წარმატებული იყო, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეზობელია
დავით ზალკალიანი - აზერბაიჯანში ვიზიტი უაღრესად წარმატებული იყო, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეზობელია

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი შეაფასა და მას უაღრესად წარმატებული უწოდა.

მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომაზე, რომელიც ათი წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, ექვსი დოკუმენტი გაფორმდა.

„ბოლო სამ თვეში მეორე ვიზიტია. პირველი გახლდათ ოფიციალური ვიზიტი, რომლის დროსაც შეთანხმდა ამ ვიზიტის შემდგომ განხორციელება, რადგან საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისია უკვე ათი წელია, სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჩატარებულა. ზუსტად სამ თვეში მოხერხდა და დღეს ჩავატარეთ სრულმასშტაბიანი კომისიის სხდომა, სადაც ექვსი დოკუმენტი გაფორმდა სხვადასხვა სექტორული თანამშრომლობის კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეზობელია და აზერბაიჯანთან სერიოზული, ღრმა და ყოვლისმომცველი ორმხრივი ურთიერთობები აუცილებელია.

„ეს ურთერთობები სტრატეგიულ დონეზე არის ასული. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ყველა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაორმაგების თვალსაზრისით შემდგომ ნაბიჯებზე, იმაზე, თუ რაოდენ ეფექტიანი იყო თანამშრომლობა პანდემიის პირობებში.

მემორანდუმები, რასაც დღეს ხელი მოეწერა, არის სწორედ სამთავრობოთაშორისო კომისიის შიგნით განხილული თემების და დისკუსიის შედეგი. მემორანდუმები არის კონკრეტული მიმართულებებით, სექტორალური კუთხით თანმაშრომლობა, რომელიც ხორციელდებოდა და მომავალშიც განხორციელდება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. რა თქმა უნდა, ესეც ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას, სტაბილურობას და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.