საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან.
დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის.
დავით ზალკალიანი დაინტერესდა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე ესკალაციით და კოლეგისგან მოისმინა ინფორმაცია შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.
მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი ვითარების ესკალაციის გამო და აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ალტერნატივა არ გააჩნია.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო მექანიზმების, კერძოდ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის აქტიური ჩართულობით შესაძლებელი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში დაბრუნება და სიტუაციის განმუხტვა.