დავით ზალკალიანი - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც აშშ-ის მოკავშირისა და პარტნიორის როლს
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველოს შესახებ დებულება საკმაოდ მოცულობითია, დატვირთულია შინაარსობრივად და ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც აშშ-ის მოკავშირისა და პარტნიორის როლს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო განიხილება ევროპის რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში სხვა ქვეყნებთან ერთად.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, უსაფრთხოებას და საქართველოს განიხილავს, როგორც მისი ეროვნული ინტერესების შემადგენელ ნაწილს.
„ასევე საუბარია ერთობლივი წვრთნების მეტ სიხშირეზე, როგორც შავ ზღვაში, ისე ხმელეთზე. დოკუმენტში აღნიშნულია, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოზე საუბარია თავში, რომელსაც ეწოდება რუსეთის აგრესიის შეკავება. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება საქართველო, უკრაინა და მათი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არის აშშ-ს ეროვნულ ინტერესებში. საქართველოს აქვს აშშ-ს მხრიდან დახმარება თავდაცვითი შეიარაღების კუთხით, ანტისატანკო ჯაველინების სისტემის შეძენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ჯერ კონკრეტიკა არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოს ექნება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერა”, – განაცხადა ზალკალიანმა.
დონალდ ტრამპმა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს (FY19NDAA) დღეს მოაწერა ხელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიშანდობლივია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.