დიასპორასთან დაკავშირებული ინიციატივები, რეფორმების სამთავრობო პროგრამა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური წარმატებები გააცნო საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე მიღწეულ წარმატებებზე. მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო დიასპორასთან მიმართებით საქართველოს მთავრობის ცალკეული ინიციატივები, მათ შორის დიასპორული პროგრამების დაფინანსების ფონდის დაარსების ინიციატივა, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას, დააფინანსოს დიასპორის წარმომადგენლების ცალკეული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გაძლიერებას, ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციას და დიასპორის წარმომადგენლებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
მინისტრმა ასევე ისაუბრა დიასპორული ვებპორტალის პროექტზე, რომელიც საშუალებას მისცემს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, ერთი პლატფორმის საშუალებით მიიღონ შესაბამისი სახელმწიფო სერვისები და ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობას და ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ მიმდინარე საკითხებს.
მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა დიასპორის წარმომადგენლებსა და საელჩოს შორის კომუნიკაცია, არსებული ფორმატი, და ხაზი გაუსვა აშშ-ში საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციაში დიასპორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს შეხვედრაში მონაწილეობისთვის და მათთან შემდგომი ინტენსიური კომუნიკაციის მზადყოფნა გამოთქვა.