დავით ზალკალიანი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ამოქმედებიდან 10 წელი გავიდა და ამ ათი წლის მანძილზე აღსანიშნავია ჩვენ მიერ მიღწეული შედეგები. საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორია და ეს პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ საერთო ხედვაზე, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
თავის გამოსვლაში, ზალკალიანმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის უპრეცედენტოდ მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს და მას მძლავრ ალიანსად გარდაქმნის პოტენციალი გააჩნია, რაც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში ურთიერთობათა განმტკიცებას მოითხოვს.
„ჩვენი მხრივ, ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს. ამ პერსპექტივით, პარტნიორობის ქარტია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ოთხ ძირითად სვეტს ეყრდნობა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
უსაფრთხოების თემებზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ მჭიდროა სამხედრო თანამშრომლობა აშშ-საქართველოს შორის.
„2016-ში ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავდაცვის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იხარჯება სამხედრო სფეროზე. ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველომ დაამტკიცა, რომ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე სანდო პარტნიორია. უფრო მეტიც, საქართველო მოწადინებულია, რომ როგორც აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორმა კიდევ უფრო აქტიური როლი შეასრულოს რეგიონში არსებული რისკებისა და გამოწვევების მინიმუმამდე დაყვანის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის უსაფრთხოებას. იმედი გვაქვს, რომ რეგიონში გაიზრდება აშშ-ის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ჩართულობა, როგორც ორმხრივი ფორმატების ფარგლებში, ისე ნატო-ს ეგიდით“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა პანელზე ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე. ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადაიდგას კონსტრუქციული ნაბიჯები და მან შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებზე და მათ მნიშვნელობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრიორიტეტებზე საუბრისას მიმოიხილა ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებები; ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის სფეროში არსებულ მიზნებზე და აღნიშნა ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.