დავით ზალკალიანი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს სამთავრობო გეგმას და ეკონომიკური განვითარების ხედვას მხარი დაუჭირა
დავით ზალკალიანი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს სამთავრობო გეგმას და ეკონომიკური განვითარების ხედვას მხარი დაუჭირა

საქართველოს აქვს და მომავალშიც ექნება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ურყევი მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის აღიარების კუთხით, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებით, –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ვაშინგტონში,  ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ჯო სალივანთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის ახალ გეგმებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით.

მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილეს და კიდევ ერთხელ დადასტურდა ორივე მხარის მზაობა მომავალში კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს საქართველოს მთავრობის პროგრამისა და იმ პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ქვეყანას გააჩნია, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური  განვითარებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.  დავით ზალკალიანის განცხადებით,  შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა ყველა მიმართულებით.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ  მძიმე მდგომარეობას და საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი, აშშ-ს მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ისევე როგორც ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის შემდგომი ფაქტების პრევენციისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის  პროცესს, ამ გზაზე აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ამასთან, საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო ნატო-ს ბრიუსელის სამიტს და საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.  აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და აღინიშნა, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა შეესაბამებოდეს იმ პოლიტიკურ ურთიერთობებს , რაც  გვაქვს აშშ-სთან.  იყო ძალიან კარგი შეხვედრა და ვფიქრობ,  რომ მომავალში ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავებთ ურთიერთობებს”-განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც სახელმწიფო მდივნის მიწვევით რელიგიის თავისუფლების საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, ღონისძიებას ორმოცზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება.