დავით ზალკალიანი - აშშ-ის კონგრესში წარდგენილი რეზოლუცია გზავნილია მათთვის, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის დამყარებას ეცდება
აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუციის წარდგენა კიდევ ერთი დასტურია, რომ აშშ-სთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო, – აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა.
მისი თქმით, რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის კონგრესის წამომადგენლების მიერ არის ინიცირებული, რამდენიმე კონგრესმენის მხარდაჭერა უკვე აქვს.
„იმედია, ეს მხარდაჭერა მომავალში გაიზრდება. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო. ეს არის ფაქტობრივად გზავნილი ყველას მიმართ, ვინც კი ეცდება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან რაიმე სახის ურთიერთობა დაამყაროს.
ვფიქრობთ, რეზოლუცია ერთგვარად გაგრძელებაა იმისა, რომ 2017-2018 წლის ასიგნებათა აქტში არის მკაფიო ჩანაწერი არაღიარებასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარადგინეს. დოკუმენტში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლინობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“/ცხინვალის – ოკუპაცია.